2023 წლის წლის 1-ელი აგვისტოდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. მიღებული ცვლილებების მიხედვით იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ კრიტერიუმად განისაზღვრა იარაღის საერთო სიგრძე. შესაბამისად, იარაღები სიგრძის მიხედვით დაიყო მოკლე და გრძელ იარაღებად. მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში "სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლი მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე, რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით, მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი დეკემბერი.

აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იარაღი მიეკუთვნება მოკლე იარაღს, მოექცევა თავდაცვის კატეგორიაში და მისი ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება შენახვის უფლებით. კატეგორიის ცვლილებისას, გარდა მომსახურების საფასურისა, იარაღის მესაკუთრე ასევე თავისუფლდება შესაბამისი კატეგორიის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ. ხოლო, ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა.

ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე, რომლის ტარების უფლებაც აქვთ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს.