საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.
სტუმრებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ბუთხუზმა, ალექსანდრე დარახველიძემ და მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლეს.
დელეგაციის წევრებმა რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო სივრცე დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს, შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნებს შორის უკვე არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.