დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დაჯავშნოს ან შეინახოს მისთვის სასურველი თავისუფალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ შენახვას ან დაჯავშნას არა უმეტეს 2 თვის ვადით. მომსახურების საფასურია ყოველ დღეზე 1.5 ლარი.
სატრანსპორტო საშუალების დაჯავშნილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა დასაშვებია:
- იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაჯავშნა;
- სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაჯავშნის განმახორციელებილი პირის მიერ უშუალოდ დაჯავშნისას განცხადებაში ან ვებ-გვერდზე მითითებული იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა დაჯავშნა;
- ზემოთ აღნიშნული პირების თანხმობით, მისი მეუღლის, შვილის ან მშობლის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე.
შენიშვნა - სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაჯავშნისას მასში მონაცემების შეცვლა არ დაიშვება;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაჯავშნა შეიძლება განხორციელდეს:
- საკუთარ თავზე (ვებ-გვერდზე გრაფა: „საკუთარ სახელზე“);
- ნებისმიერ მესამე პირზე (ვებ-გვერდზე გრაფა: „სხვა პიროვნების“);
- დაჯავშნილ სახელმწიფო სანომრე ნიშანზე მესამე პირისათვის უფლების გადაცემა არ დაიშვება, გარდა დაჯავშნისას მითითებული პირების (ვებ-გვერდზე გრაფა: „საკუთარ სახელზე“ ან „სხვა პიროვნების“) მიერ უფლების მეუღლეზე, შვილზე ან მშობელზე გადაცემისა;
- დაჯავშნილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნის უფლება პირს აქვს დაჯავშნის ვადის ამოწურვამდე;
- თუ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემა არ განხორციელდა დაჯავშნის ვადის ამოწურვამდე ან ჯავშანი გაუქმდა (ვადის ამოწურვა ან სხვა საფუძვლით) იგივე სახელმწიფო სანომრე ნიშნის განმეორებით დაჯავშნა ან მისი გაცემა არ განხორციელდება დაჯავშნის გაუქმების დღიდან არანაკლებ სამი კალენდარული დღის განმავლობაში.