შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის ბიბლიოთეკასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ხელოვნების სკოლას სხვადასხვა დასახელების 200-ზე მეტი წიგნი გადაეცათ.

ნავაზის ახლადგახსნილ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ოსაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია შეხვდნენ და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა კი სკოლის მოსწავლეებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სოფელ ნიქოზის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოაწყვეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი აქციის მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის წახალისება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის სტიმულირებაა.