შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო 13 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

🔹 იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ.

🔹 მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ.

🔹 იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 13 იანვრის ჩათვლით.

🔹 ის პირები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე მოითხოვენ ცნობის თარგმნა/დამოწმებას, გარდა დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისა, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 13 იანვრიდან.

🔹 იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 იანვარი.