შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უზბეკეთის ოფისის მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. 

უზბეკეთის დელეგაციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ზურაბ ზუბადალაშვილმა დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიები, მათი გაცემის წესი და ელექტრონული სერვისები, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა, ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა.

უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მომსახურების მიწოდების მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე, არასრულწლოვან მოსახლეობაზე, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს დირექტორმა უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.