“საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის სისტემა იცვლება. 2022 წლის 25 აპრილიდან “B” და “BE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში.
პროექტის საწყის ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.