შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი "KAWASAKI”-ის მარკის 16 მოტოციკლით განაახლა. ახალი მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფს.

დაინტერესებულ პირებს "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მოტოციკლის - "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია, გამოიყენონ საკუთარი უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.