პირველად საქართველოში, მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca კომისიის 51-ე კონგრესს ატარებს. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს. ,,თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“- ამ თემაზე მსოფლიოს 33- ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი იმსჯელებს.

 კონგრესს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, გახსნის და საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგემილ პროექტებზე ისაუბრებს.

 კონგრესის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნები საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებს წარადგენენ. გარდა ამისა, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით არსებული სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა.

 Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. CIECA მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას აერთიანებს.

 2014 წლიდან საქართველო Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს.

 CIECA-ს უმთავრესი მიზნებია: ავტომობილის მართვის სტანდარტების სრულყოფა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ზომების მიღება და მათი განმტკიცება, მძღოლთა განათლება და ტესტირება ,მიღებული მართვის მოწმობის სანდოობის განმტკიცება და მისი საერთაშორისო აღიარების მხარდაჭერა.

 სააგენტო სისტემატურად თანამშრომლობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მონაწილეობას იღებს Cieca-ს მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესში.

 აღსანიშნავია, რომ საგზაო უსაფრთხოების თემა და ამ გამოწვევასთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით უწყებამ სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ დაიწყო. 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს. მათ შორისაა გზებზე ვიდეო კამერების დამატება, (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5000 მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდა, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვა და საკანონდებლო ცვლილებები, რაც რიგ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.


https://police.ge/ge/saqartveloshi-mdzgholta-testirebis-avtoritetuli-saertashoriso-organizatsia-cieca-s-komisiis-51-e-kongresi-gaimarteba/12784