შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული მართვის მოწმობები C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილში.
მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, თუმცა განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი შეცვლა.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მოქალაქე შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მარტიდან, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.
ამასთან გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული გარემოება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.