შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი მიმდინარე კვირის განმავლობაში, სვანეთის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება. კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს მომსახურების სააგენტოს 30-მდე სერვისით, მათ შორის: განაბაჟონ და დაირეგისტრირონ ავტოსატრანსპორტო საშუალება, ჩააბარონ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, შეცვალონ ან აღადგინონ მართვის მოწმობა, დაირეგისტრირონ ცეცხლსასროლი იარაღი და მიიღონ ცნობა ნასამართლობის შესახებ.

 დაბა მესტიაში მობილური ჯგუფის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, მარიანა მორგოშია და მისი მოადგილე, იმედა მაკასარაშვილი გაეცნენ.

 მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სერვისებით სარგებლობა, მობილური ჯგუფების მეშვეობით, წელიწადში რამდენჯერმე შეუძლიათ. მესტიის გარდა, აღნიშნული ჯგუფები, გარკვეული პერიოდულობით, ამბროლაურში, ახალქალაქსა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურებიან.