2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები ძალადაკარგულად გამოცხადდა. დღეიდან კი ის პირები, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში ვერ განაახლეს საკუთარი მართვის მოწმობები მართვის უფლების არ მქონე პირებად ითვლებიან. მართვის მოწმობის განახლება მოქალაქეებს 1 აპრილის შემდეგაც შეუძლიათ. ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მობრძანდეს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში და კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეცვალოს მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა - 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
ასევე, შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.