შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. 
მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
ასევე, განვმარტავთ, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 იანვრამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 1 მარტიდან არის ძალაში.