სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაზე მე-12 გრაფაში კოდირებულად ხდება სხვადასხვა სახის დამატებითი ინფორმაციის ასახვა.

მაგალითად:

- თუ პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნული უფლებამოსილი პირის რეკომენდაციის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მიეთითება:

ა) 01.01 – სათვალე;

ბ) 01.02 – კონტაქტური ლინზები;

გ) 01.06 – სათვალე ან კონტაქტური ლინზები;

დ) 02.01 – სასმენი აპარატი ერთი ყურისათვის;

ე) 02.02 – სასმენი აპარატი ორივე ყურისათვის;

ვ) 03.01 – ზედა კიდურის პროთეზი;

ზ) 03.02 – ქვედა კიდურის პროთეზი;

თ) 10.02 – ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება;

ი) 101 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სამართავად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება.


- უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით შეცვლის შემთხვევაში მიეთითება კოდი - 70 და შეცვლილი მართვის მოწმობის ნომერი, ასევე გამცემი ქვეყნის საერთაშორისო კოდი;

- ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ ან/და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თაობაზე შეზღუდვის დაწესება აისახება კოდით 78;

- მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის შედეგად გაცემულ ახალ მართვის მოწმობაზე მიეთითება კოდი 102.


მოწმობაზე დატანილი კოდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები“-ს შესახებ.