მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციამ (CIECA) წლიურ ანგარიშში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.


"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 26 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. საგამოცდო მარშრუტები და გამოცდაზე გასვლის წესი, მათ შორის შეფასების კრიტერიუმები, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და დამტკიცებული.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს უფლება ენიჭება, გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპზე, რომელიც ტარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (სპეციალური მანევრები), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გადაინაცვლებს გამოცდის მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ამ ეტაპზე, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი, ქვეყნის მასშტაბით, 10 ქალაქში ბარდება. თითოეული ქალაქისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი. სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკი. „B“ კატეგორიის მართვის უფლების მოპოვების მსურველი მძღოლობის კანდიდატები პრაქტიკულ გამოცდას GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“ -ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.

პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპების შეფასება ხორციელდება ქულათა სისტემის მიხედვით. დახურულ მოედანზე კანდიდატს ენიჭება 100 ქულა. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას. 

ამასთანავე, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, დანერგილ შეფასებათა სისტემას ემატება დამატებითი კითხვები, რომლებიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმების საკითხებს. 

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება ფასდება შეცდომის ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დაყოფილია მსუბუქ და მძიმე შეცდომებად. ასევე, განსაზღვრულია კანდიდატის დისკვალიფიკაციის პრერეკვიზიტები.

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თითოეულ ეტაპზე, თუ კანდიდატი მიიღებს უარყოფით შეფასებას, მას შეუძლია, რომ მოითხოვოს შეფასების ოქმი და გაასაჩივროს შედეგი, რომელსაც განიხილავს სპეციალური კომისია. 

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე კანდიდატი წინასწარ ჯავშნის მისთვის სასურველ თარიღსა და დროის პერიოდს. ჯავშნის განხორციელება კი შესაძლებელია როგორც მომსახურების სააგენტოში, ადგილზე ვიზიტისას, ასევე ონლაინ სერვისების საშუალებით. 

აღსანიშნავია, რომ სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, მომსახურების სააგენტოს შექმნილი აქვს მობილური აპლიკაცია (Service Agency) და ოფიციალურ ვებგვერდზე - (www.sa.gov.ge ) პერსონალური გვერდი, სადაც დარეგისტრირებულ პირებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ სააგენტოს ონლაინ სერვისებით, მათ შორის დაჯავშნონ ან გააუქმონ გამოცდაზე გასვლის თარიღი, მოიძიონ ინფორმაცია თეორიული გამოცდის საკითხების შესახებ, ხოლო მათ, ვინც უკვე ფლობს მართვის მოწმობას, ონლაინ შეუძლიათ საკუთარი მოწმობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დაზიანებული ან დაკარგული მართვის მოწმობის შეცვლა/აღდგენა. 

გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრობის უსაფრთხოების ცოდნის დონე. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „C/D“ კატეგორიის და C1/D1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის გამოცდის ახალი წესი 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება". 


 ➡️ https://www.cieca.eu/our-organisation/annual-report